გრაფიკული დიზაინის ისტორია

თუ გრაფიკული დიზაინის ისტორიას ცოტა სერიოზულად შევხედავთ, მივხვდებით, რომ ეს მხოლოდ სტილების მიმდევრობა არ არის ​- ეს არის ცვლილებების ჯაჭვი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ტექნოლოგიასთან, კულტურასთან და იმასთან, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს ვიზუალურად.

Gutenberg Press - 1440

ისტორია იწყება Gutenberg Press-ით და Johannes Gutenberg-ის გამოგონებით XV საუკუნეში. ეს მოვლენა ხშირად მხოლოდ ტექნოლოგიურ მიღწევად აღიქმება, თუმცა დიზაინის კუთხით ბევრად უფრო ღრმა მნიშვნელობა აქვს. გუტენბერგის სისტემამ შექმნა ტიპოგრაფიის სტანდარტიზაცია​ - ასოები, რომლებიც შეიძლება განმეორებით გამოყენებულიყო, თანმიმდევრულად და კონტროლირებულად. სწორედ აქ იბადება პირველი პრინციპები, რასაც დღეს ვუწოდებთ ვიზუალურ იერარქიას, რიტმს და ბალანსს. ადრეული ბეჭდური წიგნები, განსაკუთრებით ბიბლიის გამოცემები, იმეორებდა ხელნაწერის სტილს, მაგრამ უკვე შეიცავდა მკაფიო სტრუქტურულ ლოგიკას ​- სვეტები, მარ​jინები, თანაბარი ინტერვალები.

Lithography - 1798

მომდევნო მნიშვნელოვანი ეტაპი იყო Lithography, რომელიც შეიმუშავა Alois Senefelder-მა XVIII საუკუნის ბოლოს. ლითოგრაფიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა ვიზუალური ენის შესაძლებლობები. თუ გუტენბერგის ეპოქაში დიზაინი ძირითადად ტექსტზე იყო ორიენტირებული, ლითოგრაფიამ შესაძლებელი გახადა ნახატის უშუალო რეპროდუქცია. ეს ცვლილება გადამწყვეტი აღმოჩნდა რეკლამის, პოსტერის და ილუსტრაციის განვითარებისთვის. XIX საუკუნის ევროპაში, განსაკუთრებით Paris-ში, ლითოგრაფიული პოსტერები გახდა ურბანული ვიზუალური კულტურის ნაწილი ​- თეატრების, კაბარეების და პროდუქციის რეკლამა უკვე არა მხოლოდ ინფორმაციული, არამედ ესთეტიკური გამოცდილებაც იყო.

Halftone printing - 1880

ამავე პერიოდში ვითარდება ტექნოლოგია, რომელმაც მედიის ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა ​- Halftone printing. ნახევარტონიანი ბეჭდვა შესაძლებელს ხდის ფოტოების მასობრივ გავრცელებას გაზეთებსა და ჟურნალებში. ეს ნიშნავს, რომ დიზაინში ჩნდება რეალური გამოსახულება ​- არა ილუსტრაცია, არამედ ფოტო. შედეგად, ვიზუალური კომუნიკაცია ხდება უფრო პირდაპირი და დოკუმენტური. XX საუკუნის შუა პერიოდში ეს ტექნიკა უკვე მედიის განუყოფელი ნაწილი ხდება.

Art Nouveau - 1890-1910

XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ამ ტექნოლოგიურ საფუძველზე ვითარდება Art Nouveau. ეს სტილი წარმოადგენს ერთგვარ რეაქციას ინდუსტრიულ ეპოქაზე ​- მექანიკური, სტანდარტიზებული წარმოების ფონზე ჩნდება სურვილი, რომ დიზაინი გახდეს უფრო ორგანული და ინდივიდუალური. Alphonse Mucha-ს ნამუშევრები ამის კლასიკური მაგალითია: ტიპოგრაფია და ილუსტრაცია ერთიან კომპოზიციად ერთიანდება, ხაზები მოძრაობს, ფორმები ბუნებას იმეორებს. აქ დიზაინი პირველად იღებს ძლიერ დეკორატიულ და ემოციურ ფუნქციას.

Bauhaus - 1919

თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ეს დეკორატიულობა უკვე ზედმეტად აღიქმება, და სწორედ ამ ფონზე ჩნდება Bauhaus. Walter Gropius-ის მიერ დაარსებული სკოლა მიზნად ისახავდა ხელოვნების, ტექნოლოგიის და ინდუსტრიის გაერთიანებას. Bauhaus-ის მთავარი პრინციპი ​- „ფორმა მიჰყვება ფუნქციას“ ​- გულისხმობდა, რომ დიზაინი უნდა იყოს მაქსიმალურად მკაფიო და გამოყენებადი. გეომეტრიული ფორმები, sans-serif ტიპოგრაფია, ასიმეტრიული კომპოზიციები ​, ეს ყველაფერი ქმნიდა ახალ ვიზუალურ ენას, რომელიც შემდგომში გახდა თანამედროვე დიზაინის საფუძველი. ამ მიდგომამ დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ბეჭდურ დიზაინზე, არამედ არქიტექტურაზე, ინდუსტრიულ დიზაინზე და მოგვიანებით ციფრულ ინტერფეისებზე.

Pop Art - 1950

1950-60-იან წლებში, მასობრივი კულტურის ზრდასთან ერთად, ჩნდება Pop Art. ეს მოძრაობა შეგნებულად იყენებს იმ ვიზუალურ ენას, რომელიც ადრე „დაბალ კულტურად“ მიიჩნეოდა​, რეკლამა, კომიქსი, პროდუქტის შეფუთვა. Andy Warhol-ის Campbell’s Soup-ის სერია ან Roy Lichtenstein-ის კომიქსური კომპოზიციები ამ პროცესის სიმბოლოა. Pop Art-მა გააქრო ზღვარი კომერციულ და კულტურულ ვიზუალს შორის, რაც პირდაპირ აისახა გრაფიკულ დიზაინშიც​, ფერები გახდა უფრო ინტენსიური, ფორმები უფრო პირდაპირი, ხოლო მესიჯი უფრო მასობრივი.

pოსტ მოდერნული ტიპოგრაფია - 1980

ამ ფონზე, 1960-70-იან წლებში, ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა​, პოსტმოდერნული ტიპოგრაფია. Wolfgang Weingart და April Greiman-მა გააკრიტიკეს Swiss Style-ის მკაცრი წესრიგი. Swiss Style ეფუძნებოდა გრიდს, ობიექტურობას და სისუფთავეს, თუმცა ახალ თაობას ეს მიდგომა ზედმეტად შეზღუდულად მოეჩვენა. შედეგად, ტიპოგრაფია გახდა უფრო ექსპერიმენტული​, ტექსტი ირღვევა, შრეები ერთმანეთს ეფარება, კომპოზიცია კარგავს სიმეტრიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო Greiman-ის როლი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა ​ჩააინტეგრირა ციფრული ტექნოლოგიები დიზაინში.

ბრუტალისტური დიზაინი - 2010

თანამედროვე პერიოდში ამ ექსპერიმენტული მიდგომების გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს Brutalist design. ბრუტალიზმი შეგნებულად უარყოფს ტრადიციულ ესთეტიკურ სტანდარტებს​, უხეში ტიპოგრაფია, კონტრასტული ფერები, არათანაბარი ლეიაუთები. მისი მიზანი არ არის ვიზუალური კომფორტი, არამედ პირდაპირი და ხშირად პროვოკაციული კომუნიკაცია. განსაკუთრებით ციფრულ სივრცეში, ბრუტალისტური ვებსაიტები ხშირად არღვევენ usability-ს სტანდარტებს, რათა მომხმარებლის ყურადღება სხვა გზით მიიპყრონ.

თუ ამ პროცესს მთლიანობაში შევხედავთ, ნათლად ჩანს, რომ გრაფიკული დიზაინი მუდმივად მოძრაობს ორ პოლუსს შორის: სტრუქტურა და თავისუფლება. გუტენბერგის სტანდარტიზაცია, Bauhaus-ის ფუნქციონალიზმი და Swiss Style-ის წესრიგი ერთ მხარეს დგას, ხოლო Art Nouveau-ს დეკორატიულობა, Pop Art-ის ვიზუალური ხმაურიანობა და პოსტმოდერნული ექსპერიმენტები  მეორე მხარეს.დღევანდელი გრაფიკული დიზაინი ამ ისტორიის შედეგია.

თანამედროვე დიზაინერი ერთდროულად იყენებს Bauhaus-ის ლოგიკას, Pop Art-ის ვიზუალურ ენას და პოსტმოდერნული ტიპოგრაფიის თავისუფლებას. სწორედ ეს მრავალშრიანობა ქმნის დღევანდელი დიზაინის სირთულესა და მრავალფეროვნებას.



Visited 1 times, 1 visit(s) today

Leave A Comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *